ჰელგა მარია შმიდი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან და მონაწილეობას მიიღებს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური იუწყება, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენმდივანი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საზღვრისპირა სოფელ ციცაგიანთკარში წყლის მომარაგების პროექტის გახსნის ღონისძიებაში.

შეხვედრები ერგნეთში ცალ-ცალკე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით 2009 წლიდან იმართება. საქართველომ ამ ტერიტორიებზე კონტროლი შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსა. თბილისისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თანაც მშვიდობიანი გზით.

წყარო