ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიცია ვერავის ვერ დაადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა

საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები ხვალ მესამე მოსმენით მიიღებენ, ოპოზიციონერი პარლამენტარების ბოიკოტის მიუხედავად, აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს. სამი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. პირველი მოსმენით შესწორებები პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს დაამტკიცა. შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი. ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით განხილვა 29 ივნისს გაიმართება.

საპროტესტო აქცია

მამრაძე დარწმუნებულია, რომ არსებობს მხოლოდ თეორიული შანსი იმისა, რომ ცვლილებების მიღება ჩავარდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ექსპერტი ვერ ხედავს პოლიტიკური კრიზისის დაწყების წინაპირობებს.

„იცით, ამოეფარო რურუას უკან – არც ისე წონიანი არგუმენტია. მით უმეტეს, რომ ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რა სახელი დაიმსახურა გიორგი რურუამ 90-იან წლებში დარა დგას ამის უკან. გერმანიის ელჩმა გასაგებად თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში რურუას გათავისუფლების თემა წამოწეული არ არის. ამიტომ ოპოზიციის უარს გამართლება არ აქვს“, – მიიჩნევს მამრაძე.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიცია ვერავის ვერ დაადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა. მით უმეტეს, რომ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არაგონივრულია მოსთხოვო ხელისუფლებას მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების სატელევიზიო განმარტებები საკმარისი არაა.

„საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ზუსტად, რას ნიშნავს ეს ცვლილებები. მეტიც, ეს მათ ნაკლებად აინტერესეს. ხალხი არ გავა ქუჩებში და კრიზისი არ იქნება. ხალხს არ ესმის, რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და ერთპროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა მამრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებებით ან მათ გარეშე, მმართველმა პარტიამ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება წინასწარ გაინაღდა.

დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.