პროტესტის ორგანიზატორების თქმით, რეგიონების მოსახლეობა ამ შეხვედრებზე უკეთ გაეცნობა პროტესტის შინაარსსა და მიზანს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს ქობულეთისა და ფოთის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აქციის ორგანიზატორის და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრები იმართება თბილისში 23 მაისისთვის დაგეგმილი მასშტაბური მიტინგის მომზადების ფარგლებში. გოლეთიანის თქმით, რეგიონების მოსახლეობა ამ შეხვედრებზე უკეთ გაეცნობა პროტესტის შინაარსსა და მიზანს.

„კარვებში ჩვენთან სხვადასხვა რაიონიდან და ქალაქიდან იყვნენ ადამიანები და ათევდნენ ღამეს, დღესაც იქ არიან ეს ადამიანები. იმ ქალაქებსა და რაიონებში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, მოსახლეობასთან შეხვედრებს თავად გაუწევენ ორგანიზებას, რომ უფრო კარგად გავარკვიოთ ადამიანები პროტესტის შინაარსსა და მიზანში. გადავწყვიტეთ, 23 მაისამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, სადაც მოვახერხებთ, მივიდეთ და დავამყაროთ პირდაპირი კომუნიკაცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პროტესტის ორგანიზატორებმა შეხვედრები გურიის მოსახლეობასთანაც გამართეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, – თქვა თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კაშხალი უახლოეს 12 თვეში არ აშენდება, როგორც ამას მორატორიუმი ითვალისწინებს. ამ პერიოდში სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი – ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე – საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

წყარო