რადგან მომიტინგეთა კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, მაშინ კომპანიის თანამშრომლებიც თავიანთი მანქანებით ნამახვანში ვერ მოხვდებიან, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა

რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

„ნამახვანი ჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი 6 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქული კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები 6 თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

რა თქმა უნდა, რთულია იდგე ერთ ადგილზე ასეთ პირობებში, წვიმაში, ითხოვდე შენს საკონსტიტუციო უფლებას, როდესაც ხელისუფლება ასე უსინდისოდ აბუჩად გიგდებს. ამიტომ დღეს ჩვენ გადავინაცვლეთ კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, განვახორციელებთ ხეობის სრულ ბლოკადას. აქ გაივლის ჩვეულებრივ მანქანები და ვერ გაივლის „ენკას” მანქანები. მოქალაქეებს არ შეექმნებათ პრობლემა, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, რადგან მომიტინგეთა საკონსტიტუციო უფლებები ირღვევა, მაშინ კომპანიის თანამშრომლები თავიანთი მანქანებით ნამახვანში ვერ მოხვდებიან.

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ აიღო კარვები და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც კარვები იდგა, „ენკას“ ტრაქტორმა გადათხარა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, ნამახვან ჰესის სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

დღესვე მომიტინგეებთან ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი გავიდა, რომლის თქმით, გზა მაშინ გაიხსნება, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდება და რიონში დაკარგულ მამაკაცს იპოვიან.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

წყარო