დღეს მაშველებმა სოფელ შამგონასთან მდინარე ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარი ამოასვენეს – მეოთხე პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე მეოთხე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს” კორესპონდენტი გარდაცვლილის ნათესავებზე დაყრდნობით.

დღეს, 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მდინარე ენგურიდან სამი ცხედარი ამოიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ენგურის გადმოცურვას სოფელ თაგილონიდან რამდენიმე ადამიანი ოთხი დღის წინ შეეცადა. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა. გარდაცვლილთა შორის ორი ქალი და ორი მამაკაცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. სტანდარტული პროტოკოლით ამ მუხლს ცხედრის აღმოჩენისას იყენებენ, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის შემდეგ საქმეს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიენიჭოს.

წყარო